MDF
# 11 (66) 2016 წლის 1-31 მაისი

წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2016 წლის 1 მაისი -31 მაისის პერიოდში ქართულ მედიაში განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგებს და აქტივობებს, რომელიც ამ მონიტორინგის საფუძველზე განხორციელდა.

ძირითადი მიგნებები:

  • 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით მედიაში შეიმჩნეოდა ჰომოფობიური განწყობებისა და გამონათქვამების ზრდა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრის მონაწილეობით.
  • საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით 16-17 მაისს გაიმართა მსოფლიო საოჯახო კონგრესი, რომლის გამომსვლელებიც გამოირჩეოდნენ ჰომოფობიური და ანტიდასავლური რიტორიკით. კონგრესი პირდაპირ ეთერში იქნა გადაცემილი ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ და შემდეგ მოხდა მისი გამეორებით გადაცემა. პირდაპირი რეპორტაჟს დროს გაჟღერდა არაერთი დისკრიმინაციული განცხადება;
  • თურქოფობია და არმენოფობია კვლავ წამყვან ადგილს იკავებს ქართულ მედიაში გაჟღერებულ ქსენოფობიურ განცხადებებს შორის;
  • იუვენალური იუსტიციის კანონი წარმოდგენილი იქნა, როგორც ოჯახის ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლის კანონი. მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე აქცენტებს აკეთებდნენ საზოგადოების, მედიის წარმომადგენლები და სასულიერო პირები;
  • კორცხალის ინციდენტთან (შუალედური არჩევნების დროს სოფელ კორცხალში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება) მედიაში გაძლიერდა სიძულვილისა და ძალადობის წამახალისებელი განწყობები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ;
  • გრძელდებოდა დისკრიმინაციული გამონათქვამების ტირაჟირება პოლიტიკოს ქალთა და ქალთა უფლებების დამცველთა მიმართ.

მაგალითები აპრილის მედია-მონიტორინგის შედეგებიდან:

სიძულვილის ენა/ძალადობის წახალისება/პოლიტიკოსები

ტაბულა, ფოკუსი, 25 მაისი
ომარ ნიშნიანიძე, ქართული ოცნება: “ადრე უნდა გალახულიყვნენ, თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა თორემ ისე საცემლები არიან, ... მთელი საქართველო ხელებს ლოცავს, მათ ხელებს ვინც გალახა ბოკერია და ასე შემდეგ და ასე რომ ვთქვათ, ჩვენ ვის ვსჯით, მათ ვსჯით?”

სიძულვილის ენა/მედია

საქინფორმი, 31 მაისი
სათაური: "არ დაიჭირო! - ელიტარული ნარკომანები, ლიბერასტები და ბოზმონდი საქართველოში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით 2 ივნისს აქციას ჩაატარებენ".

ქსენოფობია/პოლიტიკოსები

16 მაისი, საქინფორმი:
სანდრო ბრეგაძე, რეინტეგრაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე: „გამზირი „ოკუპირებული“ აქვთ ერაყელებს, სირიელებს, აფრიკელებს, არაბებს, თურქებს და ისინი არასრულწლოვან ქართველ გოგონებს პროსტიტუციაში აბამენ...

ქსენოფობია/საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 მაისი
ტელემაყურებელი: ალბათ მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი, ჩინელები ჩამოდიან წარმოიდგინეთ ეხლა მილიარდიანი ჩინეთი რომ დაიწყებს საქართველოში ჩამოსვლას, ნუ რა საშინელება მოხდება აქ ხო? ისინი ყიდულობენ, აქვთ ბევრი ფულები, ჩვენი ხელისუფლება რადგან მათ ბევრი ფულები აქვთ აძლევს მიწებს, ასევე თურქებს...”

კვირის პალიტრა, 23-29 მაისი
თამაზი, სოფელ იელის მკვიდრი: სისხლს დავღვრით და ჩვენი კუთხის აოხრების უფლებას არავის მივცემთ. მთის განადგურებას არ დავუშვებთ. ჩინური კომპანია აქ ფეხს ვერ დაადგამს.

არმენოფობია/მედია

მარშალპრესი, 19 მაისი
“როგორ აცხადებენ პრეტენზიებს „მრავალტანჯული“ სომხები არა მარტო მეზობლების მიწებზე, არამედ უკრაინის ქალაქებზე (კიევი, ლვოვი), რუსეთის სამხრეთში (სტავროპოლი, კრასნოდარი, არმავირი), როცა ისინი სხვის მუსიკას იპარავენ, ითვისებენ სხვა ხალხების კულინარიას, დაკავებულნი არიან ნამდვილი პლაგიატობით და სხვა უსინდისო, უზნეო საქმეებით, ამ სტრიქონების ავტორი არაერთგზის დარწმუნდა სოცქსელების ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ნათქვამ გენიალური ფრაზის სიმართლეში: „დედამიწაზე ჯერ სომხები გაჩნდნენ, შემდეგ კი ადამიანები“.

თურქოფობია/პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 მაისი
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: [თურქეთმა] წყალქვეშა ნავი გამოუშვა და გამობრძანდა ბატონი დაუდოღლუ და თქვა რომ ეხლა ჩვენ უნდა აღვადგინოთ თურქეთის იმპერია. შევარდნენ ერაყში, ეხლა იძახიან ჩვენ აქედან ჯერ არ გავალთ...“

თურქოფობია/მედია

ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 მაისი
ნინო რატიშვილი, წამყვანი: “გადმოირბინა ორმა აფხაზმა, აფხაზეთის მკვიდრმა, შეიძლება მას რაღაც თურქული წარმოშობა აქვს, ესროლა მუცელში და ესროლა თავში [გიგა ოთხოზორიას]”

ჰომოფობია/პოლიტიკოსები

მაესტრო, კონტაქტი; რუსთავი 2, კურიერი 9 საათზე; საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე 20 საათზე; Pia; მარშალპრესი;
თამაზ მეჭიაური, (21 მაისს დატოვა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“): "ელჯიპიტი კი არ არი აიქ ვინც მიდიან და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან პიდარასტები. ელჭიპიტია თუ პიდარასტი არ ვიცი მოაშორეთ აქედან რა. 

იმედი, ქრონიკა, მარშალპრესი, ნეტგაზეთი, 17 მაისი
ნუკრი ქანთარია, ქართული ოცნება: "არასდროს არ ყოფილა რომეო და რომეო, ჯულიეტა და ჯულიეტა, ხომ... ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, მაგრამ ეს არ არის ორგანული”.

ჰომოფობია/საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 16-22 მაისი
ზვიად ჩიტიშვილი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინება „ჩვენი სამშობლო“(რუსეთში მოღვაზე ბიზნესმენი): „ვთხოვ და მოვუწოდებ ლგბტ აქტივისტებს - 17 მაისს ქუჩაში არ გამოვიდნენ!... ხოლო მთელ საქართველოს, ვისთვისაც მიუღებელია ის სიბილწე და სიბინძურე, რომელსაც ჩვენს შვილებს, ჩვენ მომავალ თაობას უქადაგებენ და ტვინს ურეცხავენ, ერთიანობისკენ მოვუწოდებ! ყველას დავანახვოთ რომ ძალიან ბევრი ვართ!“

ჰომოფობია/ანტიდასავლური განწყობები/მედია

Geworld.ge 11, მაისი
დავით მხეიძე, ჟურნალისტი: „ჰომოსექსუალიზმი და იუვენალური იუსტიცია ოჯახისა და ეკლესიის წინააღმდეგ ახლა, დემოკრატია კი არა, დემოტრაკია მეფობს ამერიკა-ევროპაში, რაც უღმერთო სატანისტი უმცირესობის დიქტატურაა მორწმუნე უმრავლესობაზე.“

ჰომოფობია/სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 16-22 მაისი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: “მამათმავლობა მხოლოდ რელიგიური ცოდვა არ გახლათ, ეს არის მძლავრი იარაღი ნებისმიერი ერის გენოციდისთვის!”

ანტიდასავლური განწყობები/პოლიტიკოსები

PIA ,10 მაისი
ნინო ბურჯანაძე - „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო:
“მესმის, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი სულით ხორცამდე დასავლეთის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, მაგრამ არ გვიღებენ NATO-ში და ადამიანები სადამდე უნდა ატყუონ?! ”.

ასავალ-დასავალი, 16-22 მაისი
გოგი თოფაძე, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, კოალიცია ქართული ოცნება: უსირცხვილო ლაპარაკი, იმაზე რომ მალე ნატო-ს კარი გაიღება, არის ტყუილი! გაიხსენეთ, რა უქნა მთელ რიგ ქვეყნებს, როგორ გახლიჩა იუგოსლავია და ბომბავდა ბელგრადის უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე“.

კავკასია, დღეს, 3 მაისი
ჯონდი ბაღათურია, „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო“: „ეს არის ახალი ევროპულ-ამერიკული სტანდარტი, საქართველოში, რომელსაც ჩვენთვის ნანატრ- ბრჭყალებში დასავლეთში ქვია: „იუვენალური იუსტიცია“. აი ამ, კანონის საფუძველზე საფრანგეთში ოჯახებიდან არის გაყვანილი რამდენიმე ასეულ-ათასი ბავშვი და 110 000 ბავში ვერ დაიბრუნეს ოჯახებმა!“

პირველი რადიო, 17 მაისი
თამაზ მეჭიაური, (20 მაისს დატოვა პარტია „ქართული ოცნება“): პლებისციტის შედეგი, რომელზეც აპელირებენ, როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლება, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ნატო-ში შესვლა, ჩემი აზრით, არის ეჭვქვეშ დასაყენებელი“.

ანტიდასავლუარი განწყობები/სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 16-22 მაისი
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „იმ ქვეყნებში სადაც იუვენილური იუსტიციის კანონი ამოქმედდა, უკვე უამრავი მაგალითია, როცა ოჯახებს შვილები თითიდან გამოწოვილი, ხშირად გამოგონილი მიზეზების გამო ჩამოართვეს, მით უფრო, რომ პარალელურად, ბავშვებზე მუდმივად ახდენენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ხშირად პირდაპირ უქადაგებენ მშობლების წინაშე ურჩობას!“

გენდერული დისკრიმინაცია/პოლიტიკოსები

ტაბულა, ფოკუსი, 11 მაისი
თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება: ... ქალბატონს[თინა ხიდაშელი] არ შეიძლება ეხლა მას თოფი დააჭერინო ხელში ან რაღაცა გადაწყვეტილების უფლება მისცე ...

გენდერული დისკრიმინაცია/მედია

ასავალ-დასავალი, 16-22 მაისი
გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ვგონებ, ბავშვიც კი ხვდება, რომ ამ სოროსელი გველის წიწილების (კორძაია-ხიდაშელი) მიზანი ქალთა უფლებების დაცვა კი არ მამაკაცის დაკნინება და სრულიად საქართველოს „გამოკონჩიტებაა“!“

გენდერული დისკრიმინაცია/სტერეოტიპები/სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 30 მაისი - 5 ივნისი
გიორგი დორეული, დეკანოზი: „შენდობას ვითხოვ, მაგრამ დღეს ქალები იმდენად გათამამდნენ, რომ დილიდან საღამომდე ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე საუბრობენ. ქართველი აზიატები კი არ ვართ, ჩვენ ქრისტიანები ვართ და, რასაკვირველია, ქალის უზნეო ქცევაზე რეაქცია გვექნება“.

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube