MDF Can't see images? Click here...
# 7 (62), 1 იანვარი - 31 იანვარი, 2016

წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2016 წლის 1 იანვარი- 31 იანვრის პერიოდში ქართულ მედიაში განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგებს და აქტივობებს, რომელიც ამ მონიტორინგის საფუძველზე განხორციელდა.

მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ტენდენციები:

  • 2016 წლის 1 იანვარი - 31 იანვრის პერიოდში მედიის ნაწილში გამოიკვეთა არმენოფობიური განწყობების ზრდა. ამის საბაბად გამოყენებული იყო ინტერეტ-მედიაში გავრცელებული ორი გადაუმოწმებელი ინფორმაცია: პირველი იტყობინებოდა, რომ ევროვიზიაზე სომხეთის სახელით ქართული სიმღერის „ყვავილების ქვეყანა“ მელოდიაზე შექმნილი სიმღერა იქნებოდა წარდგენილი; მეორე იყო ვიდეო, რომელშიც სომხური ცეკვების სტუდიის წარმომადგენლები ასრულებდნენ ქართულ ცეკვას; მედიის ნაწილმა მოახდინა გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება და მისი განზოგადება მთელ სომეხ ერზე; გავრცელდა არმენოფობიური კომენტარები.
  • იანვარში ასევე დაფიქსირდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დისკრიმინაციული გამონათქვამები. მაგალითად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სანდრო ბრეგაძის და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 
  • თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის მხრიდან. აღნიშნულ განცხადებებს მოჰყვა „არა ფობიას“ პლატფორმის წევრების განცხადებები, რომელზეც ქვემოთ შევჩერდებით.
  • მედიის და პოლიტიკოსების მხრიდან ანტიდასავლური განწყობების ტირაჟირების დროს აქტიურად იყო გამოყენებული გერმანიაში ახალ წელს მომხდარი ძალადობის ფაქტი; ასევე მაგალითად Geworld.ge აქტიურად იყენებს პრაქტიკას, როცა ერთ სტატიაში აერთიანებს დასავლეთში, კერძოდ აშშ-ში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და გვთავაზობს ამას, როგორც მუდმივ ტენდენციას;
  • გრძელდებოდა თურქოფობიული ტენდენციები, განსაკუთრებით ტელეკომპანია „ობიექტივის“, „საქინფორმისა“ და Geworld.ge-ში. ხდება თურქეთისა და რუსეთის შეპირისპირება და რუსეთი წარმოჩენილია, როგორც საქართვეოლს იდენტობის შემანარჩუნებელი; 

პლატფორმა „ არა ფობიას“ განცხადებები

2016 წლის იანვარში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დისკრიმინაციულ გამონათქვამებს პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციების ორი განცხადება მიეძღვნა.

15 იანვარს სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, რომელიც ეძღვნებოდა დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მორიგ განცხადებას, რომელიც ცალკეული მოქალაქეების მიმართ სიძულვილს და შეუწყნარებლობას აღვივებდა.

23 იანვარს გამოქვეყნდა სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის მიერ გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობასა და ქსენოფობიურ (არმენოფობიურ) გამოხატვაზე;

აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. მან ასე ახსნა გადადგომის მიზეზი: „"მე გადავდექი!!! უფრო სწორედ ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!!! დიახ!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!" (წყარო:ინტერპესნიუსი, 20 თებერვალი)

2016 წლის იანვრის ბოლოს მედიაში შეინიშნებოდა არმენოფობიური განწყობების ზრდა, რაც ეფუძნებოდა ინტერნეტში გავცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ქართული სიმღერისა და ცეკვის სომეხი ეროვნების შემსრულებლების მიერ „შესაძლო მითვისების“ შესახებ. 

სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში

დისკრიმინაციული (არმენოფობიური) გაშუქების მედია-საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მშვიდობის ფონდი", „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 3 თებერვალს საჩივრით მიმართეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს. სარჩელით ორგანიზაციები ითხოვენ გაზეთ "კვირის პალიტრას" რედაქციის მიერ 2016 წლის 25 იანვარს გაზეთ „კვირის პალიტრას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიით „ტაში,ბიჭო,ვართანუშა!" (ავტორი ეკა სალაღაია) ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე და მე-7 მუხლების დარღვევის საკითხის შესწავლას.

რუსულენოვანი წყაროები

ალია 365news.biz; myjulia.ru

ობიექტივი - 1TV.ru

სიძულვილის ენა/ შუღლის გაღვივება: პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი

სანდრო ბრეგაძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის მოადგილე: "ამ არარაობების წკმუტუნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვერაფერს დააკლებს, თუმცა ფაქტია, რომ რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის, გიგი თევზაძისა და მათნაირების უზნეობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს. ესენი არიან პარაზიტები, რომლებიც ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი "30 ვერცხლით” იკვებებიან.

გიგი თევზაძის, რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის და მათნაირი ათეისტი ექსპერტების ადგილი ჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაშია, შემდეგ კი ისტორიის სანაგვეზე – სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის და საქართველოს სხვა მოღალატეების გვერდით!”

ძალადობის წახალისება: მედია

ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: “მოდი და, ამის შემდეგ ნუ იტყვი, რომ ფალოსოფოს გიგი თევზაძეს სახურავი დაუცურდა და, ნინია კაკაბაძისა თუ ნათია კობერიძის მსგავსად, სოროსული შლეგიანობა და ნაცუჯრედიანობა სჭირს! ჰოდა იქნებ, ამათ ნივრიანმა სარმა უშველოს რამე?!”

ძალადობის წახალისება: საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 28 იანვარი

ირაკლი კაკაბაძე - რესპონდენტი: …პირდაპირ ვიძახი - მათ მანქანებს ააფეთქებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ქონებას პატივს არ ვცემთ, ის ქონება მოპარულია. მურუსიძის ნაირების ქონებას როგორ უნდა სცე პატივი?! უნდა აუფეთქო ის მანქანა, რეალურად, პირდაპირ, ადამიანის მოკვლის გარდა, ძალადობას აქ გავაკეთებთ, მაგრამ ქონებას გავანადგურებთ მათსას. შევღებავთ, ყველანაირად დავუმახინჯებთ ცხოვრებას. სანამ ისინი არ მიხვდებიან, რომ ისინი სულში არ უნდა აფურთხებდნენ ქართველ ხალხს. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერზე წავალთ. ჩვენ ყველაფერზე წავალთ სიკვდილის ჩათვლით, ყველაფერზე წავალთ, რომ მკვლელების და ტერორისტების ხელში არ იყოს სახელმწიფო ბერკეტები სასამართლოში.“

ქსენოფობია: საზოგადოება

ალია, 19-20 იანვარი

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი: „როდესაც ქვეყანაში გყავს 400 ათასი აზერბაიჯანელი, რომელმაც ქართული ენა არ იცის, რომლის პოლიტიკურად გაქართველება ვერ მოახერხე, გყავს სომხები, ოსები, რომლებმაც ქართული ენაც კი არ იციან და პოლიტიკურად ვერ გააქართველე, ეს ნიშნავს, რომ აქილევსის ქუსლივით გადევს კისერზე ეს საკითხი და აქ რა მოხდება, რა იფეთქებს, არავინ იცის.“

თურქოფობია/ისლამოფობია: პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 27 იანვარი

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ ფაქტიურად, თურქეთი არი მხარდამჭერი ხალიფატის და ქურთების წინააღმდეგ მებრძოლი და ჩვენ უნდა პირიქით, ქურთების მოკავშირეები ვიყოთ ამ შემთხვევაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის ბუნებრივი მოკავშირეა ქურთები. სწორედაც რომ თურქეთის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს დაპყრობაც უნდა სინამდვილეში და არც ამას მალავს.“

თურქოფობია/ისლამოფობია: მედია

საქინფორმი 15 იანვარი

არნო ხიდირბეგაშვილი: "ისტორიული ფაქტი: საქართველოსთვის თურქეთი მუდამ აგრესორი და ოკუპანტი იყო. მართლმადიდებელი ქართველების ღვთივკურთხეული ქვეყნის საბოლოოდ დაპყრობაში თურქებს ხელი მხოლოდ რუსეთმა შეუშალა...“

თურქოფობია/ისლამოფობია: საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი

გია ყრუაშვილი, ეროვნული მოძრაობის ძველი ჯარისკაცი: „დააკვირდით თურქეთიდან შემოტანილ საბავშვო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს - საცვლებისა და ფეხსაცმლის ძირების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ჯვრებია გამოსახული! ამას ყურადღებას აქცევს ვინმე?“

Geworld.ge, 20 იანვარი

სიმონ კოპაძე, საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრორექტორი:“... მუსლიმანისთვის ეროვნებასა და სამშობლოს ისეთი დატვირთვა არ აქვს, როგორიც ჩვენთვის; მათთვის ყველგან სამშობლოა, სადაც ფრიალებს ალაჰის მწვანე დროშა; 

... ისინი სახლდებიან სხვადასხვა ქვეყანაში, იღებენ ყველა იმ სიკეთეს, რომლებსაც მათ სთავაზობს ევროპული ცივილიზაცია, ანუ ქრისტიანული ტოლერანტობა; ისინი ძლიერდებიან, მრავლდებიან, აშენებენ მეჩეთებს და შემდეგ ქმნიან ანკლავებს, სადაც აწესებენ შარიათის კანონებს... დასავლეთს არც უცდია ისლამის დაქვემდებარება დასავლურ ფასეულობებთან, პირიქით, მან დანაშაულებრივად ფართოდ გაუღო კარი ისლამურ ცივილიზაციას ევროპაში. ამის შედეგია ამხელა მუსლიმანური თემებისა და ანკლავების არსებობა, რომლებიც ნოყიერი ნიადაგია ექსტრემიზმის აღმოსაცენებლად.“

არმენოფობია: პოლიტიკური პარტიები

ნეტგაზეტი, 23 იანვარი

თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება: “არ ვიცოდი, ბატონი არტური თუ იყო, ის ვინც უსტვენდა, თორე…. უფრო მაგრად… შეიძლება უფრო… ინციდენტი იყო ნერვების ამშლელი, რომ უსტვენს და იგინებიან.”

არმენოფობია: მედია

ასავალ-დასავალი, 18-24 იანვარი

სათაური: ქართველები ჯერ სომხებმა დაწყევლეს და მერე-რუსებმა!

“მარტო ის რად ღირს, რომ სასანოდური სპარსეთის შაჰის ხოსრო მეორე ფარვიზის (591-628) ინიციატივით სომხურ ქალაქ დვინში გამართულ საეკლესიო კრებაზე სომეხთა კათალიკოსმა აბრაამმა ქართველი კათალიკოსი კირიონი და ქართველი ერი დაწყევლა, რადგან ჩვენ ქალკედონის საეკლესიო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი დავრჩით და “ბერძნულ სარწმუნოებას”, ანუ მართმადიდებლობას არ ვუღალატეთ…”

არმენოფობია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ინტერპრესნიუსი. 23 იანვარი

კულტურის პალატის განცხადება: "სამწუხაროდ, ბოლო დროს სომხურ სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეში ვაწყდებით ქართული კულტურისა და ხელოვნების თვითნებურად მითვისების მცდელობებს. მსოფლიო მასშტაბით ქართველი ერი სწორედ თავისი საამაყო, მრავალწლიანი ტრადიციული კულტურით იპყრობდა მწვერვალებს. ქართველ ხალხს კი სხვისი არასდროს არაფერი მიუთვისებია. ქართული კულტურის დასაცავად ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა მათი მხრიდან. ...". 

არმენოფობია: საზოგადოება

კვირის პალიტრა 25 იანვარი 2016

ბონდო არველაძე, ისტორიკოსი, არმენოლოგი: "სომხეთში არიან "ავადმყოფური ისტორიზმის" სენით შეპყრობილი მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები, ისტორიკოსები... ამტკიცებენ, რომ სომხები იყვნენ ლეონარდო და ვინჩი და ალექსანდრ სუვოროვი, ხოლო არარატს მომდგარი კიდობნიდან გადმოსულმა ნოემ სომხურად მიმართა ღმერთს. "ვეფხისტყაოსანიც" სომეხმა დაწერა, "სულიკო" კი აკაკი წერეთელმა სომხურიდან თარგმნა და მერე ქართველებმა დედანი დაწვეს. "

რასიზმი: საზოგადოება

ობიექტივი 10 იანვარი

მაყურებელი: "თქვენ ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ მან (ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა) არ მიიღო კონსტიტუციით ერთსქესიანთა ქორწინება, მან არ გაასხვისა მახინჯ ინდოელებზე და აყროლებულ შავებზე. რაც გინდათ ის დამიძახეთ ახლა, ზანგებზე მიწებს არა ყიდის და ამიტომ მოიშორეს მასონებმა. თქვენგან ვიცი ეს კიდევ მეტად, უფრო, ვიდრე მე მჯეროდა.“

რელიგიური დისკრიმინაცია: პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 იანვარი

ვაჟა ოთარაშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „ინტერნეტში დევს ეს სურათები, როდესაც ბაპტისტურ თუ ევანგელისტურ, მალხაზ სონღულაშვილის ტაძარში ერთად ლოცულობენ ბოკერიაც, კაკო ბაქრაძის შვილიც, დავით ნარმანიაც, სუბარიც, გიგი წერეთელიც ... ისე რომ, ესეთი ხალხი, ესეთი ხალხი, რომელსაც ღმერთი არ სწამს, რომელიც მართლმადიდებელი არ არის, რომელიც არის ჩვენი საქართველოს მტერი, ქართული ცნობიერების მტერი და ის ფიქრობს, რო რამენაირად ჩვენი ცნობიერება, გაყიდული აქვს სული ანუ ეშმაკზე, ამნაირი ხალხი ბუნებრივია ასეთი განცხადებით შევიდოდა.“

რელიგიური დისკრიმინაცია: მედია

Geworld.ge, 13 იანვარი

ნიკოლოზ კორინთელი-ავტორი: „...... როგორი იქნებოდა “ცივილიზებული” კათოლიკური საზოგადოების რეაქცია, მათი ქვეყნის ელჩს სხვა სარწმუნოება რომ მიეღო. თუ ინკვიზიციის პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რომელმაც ასიათასობით ადამიანი ერესის ბრალდებით ცოცხლად დაწვა, ასეთ ელჩს კოცონზე დაწვავდნენ. სხვათაშორის, მართლმადიდებლურ ეკლესიას არასდროს დაუშვია ისეთი მხეცობა და ველურობა, როგორითაც განთქმულია “ცივილიზებული” კათოლიკური ეკლესია”.

ჰომოფობია: პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი

კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველი“: გეი-აღლუმების, ერთსქესიანი ქორწინებისა და სხვა ლიბერასტული გამოხდომების წინააღმდეგ კვირიკაშვილი ხმის ამოღებას ვერ გაბედავს!

კვირის პალიტრა 13 იანვარი

სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“: "ანტიდისკრიმინაციული კანონი მხოლოდ "პიდარასტების" დაცვას არ გულისხმობს, კობახიძის განცხადებები სპორტსმენების დისკრიმინაციაა...“

ჰომოფობია: მედია

Geworld.ge, 13 იანვარი

დავით მხეიძე - ავტორი: „...რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე აკრძალა გეიაღლუმები, ქვეყნიდან გააძევა სოროსის ფონდი და მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარა სხვა “ასოების” საქმიანობები. ასე რომ, რუსეთს არც ფერადი რევოლუციები ემუქრება და არც ტოტალური პედერასტიზაცია, რადგან მართლმადიდებლობის მსოფლიო ბურჯია...“

ჰომოფობია: საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი

გია ყრუაშვილი, ეროვნული მოძრაობის ძველი ჯარისკაცი: „დიახ, ღორს ერთდროულად აქვს როგორც მდედრის, ისე მამრის სასქესო ორგანოები, ანუ არის ორსქესიანი - ე.წ. „შიმაილი“ ... ღორს „კესარია“ დავარქვი იმიტომ, რომ ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია და სანამ პედერასტების ცნობილი დამცველები - ირაკლი ვაჭარაძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, ნინია კაკაბაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი ნებას არ დაგვრთავენ, ვის აქვს ორი თავი, კისერში დანა გამოუსვას?.. ეს ჩემს სიძეს რომ ვუთხარი, შეფიქრიანდა და ღორის დაკვლა გადაიფიქრა. მოგეხსენებათ, ამ ლიბერასტებისთვის ცხოველსა და ადამიანს ერთი ფასი აქვს...“

ანტიდასავლური: პოლიტიკოსები

ალია, 6-7 იანვარი; ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი

თემურ შაშიაშვილი, "ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატები": „საბერძნეთი ვალებში ჩაითრია ევროკავშირმა და მერე მიაღებინა ეს ბინძური კანონი. ჩვენც აქეთკენ მივყავართ, უნდათ, უზარმაზარი ვალები აგვკიდონ და მერე მათი ჩამოწერის საფასურად, ან ახალი ვალების ასაღებად, გვაიძულონ და ერთსქესიანთა ქორწინება დაგვიკანონონ“. 

ასავალ-დასავალი, 18-24 იანვარი

სოსო მანჯავიძე, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი: „ევროპა ლიბერალიზმით არის კასტრირებული! რა იდეალები და თვისუფლება უნდა დაიცვას ევროპამ, როდესაც საკუთრი ქალები ვერ დაუცავს?! აგერ, შუაგულ ევროპაში, კიოლნის უძველესი საკათედრო ტაძრის წინ, მოედანზე, მიგრანტებმა მასობრივად გააუპატიურეს ქალები და ხმის გამცემი არავინ აღმოჩნდა...“

საქინფორმი 14 იანვარი

არჩილ ჭყოიძე, ნეტრალური ევრაზიული საქართველო: „ბატონი ძველად ყმას პატრონობდა და უვლიდა. ჩვენ კი ამერიკის სახით გვყავს ბატონი, რომელიც საჩვენოდ არაფერს აკეთებს, უბრაოდ გვატარებს წნეხში და გვაკეთებინებს იმას, რაც თავად სურს“.

ანტიდასავლური: მედია

Geworld.ge, 13 იანვარი

ნანა დევდარიანი - ავტორი: „... “ღმერთის სიკვდილის” შედეგია ის, რაც დღეს ევროპაში ხდება და სანამ საკუთარ იდენტობას უღმერთობაში ეძებ, ძალიან არ უნდა გადარდებდეს, როდის აღნიშნავენ შობას ისინი, ვისთვისაც ღმერთი ცოცხალია! ... ჩვენი პროდასავლელი სახეები ძალიან ცდილობენ, დასავლეთი პრიალა საშობაო ღია ბარათად დაგვიხატონ, მაგრამ სინამდვილეში ევროპაც და დასავლეთიც დუღს. იგი საკუთარ, უარყოფილ იდენტობას ეძებს. ამ მტკივნეულ ძიებაში დანაკარგებიც იქნება და, იმედია, მონაპოვარიც.“

ობიექტივი, პოლიტიკური ღამე, 31 იანვარი

წყარო: 1TV.ru

ვალერი კვარაცხელია, წამყვანი:აი რა მოხდა ევროპაში, როდესაც ზომიერება დაკარგეს, როდესაც ჩათვალეს რომ ეროვნებაზე მაღლა კიდევ რაღაცა დგას და ის არის აბსოლუტი და ეროვნება აბსოლუტურად უნდა შეეწიროს მას“.

„ევროპაში პირდაპირ ქალების გაუპატიურების სცენები დღისით მზისით რაღაცა საოცრებები ხდება. ჩხუბი დაპირისპირება და ეს უკვე აბსოლუტურად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“...

Geworld.ge, 28 იანვარი

„ შვედეთში ექიმმა ქალი ბუნკერში გამოამწყვდია და რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდა.ნიუ იორკში მასტურბაციის კაბინა დადგეს. ლონდონურმა სექსსათამაშოების კომპანია HOT Octopuss-მა ნიუ იორკში, მანჰეტენზე, 28-ე ქუჩისა და მეხუთე ავენიუს კვეთაზე დადგა რევოლუციური მოწყობილობა GueFi _ კაბინა მასტურბაციისთვის. შიგნით სკამი, ლეპტოპი და ფარდაა, რათა მარტო დაკავდე სასურველი საქმით. “ვიქტორია’ს სიკრეტის” ყოფილი ანგელოზი, რომელიც ავტომობილს მთვრალი მართავდა, პოლიციამ დააპატიმრა. 18 იანვარს კენტუკის შტატის პოლიციამ “რენჯ როვერის” საჭესთან მჯდომი ამერიკელი სუპერმოდელი და მსახიობი, Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი, 47 წლის სტეფანი სეიმური მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.“

ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

Geworld.ge, 20 იანვარი

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგთა კლუბის ხელმძღვანელი - რესპონდენტი: „ ... სისტემის ნგრევა და სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება: თუ დაინგრევა შეერთებული შტატების მიერ სამხრეთ კავკასიაში დამყარებული წესრიგი, და მერწმუნეთ, სისტემის ნგრევის შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენაც არ დააყოვნებს.“

Geworld.ge, 28 იანვარი

ვლადიმერ ჩუბინიძე, სახალხო პატრიოტული კავშირის “რუსეთი ჩვენი მეზობელია” პოლიტსაბჭოს წევრი: “ამერიკის წაქეზებით, ჩვენი ქვეყანა საბრძოლო მანევრებში ჩაერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო აღარ იარსებებს. ტერორისტული ორგანიზაციები, ძირითადად, ამერიკის შექმნილია, ამ ბინძურ საქმეში, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოცაა ჩართული თუ ჩათრეული.“

ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 25-31 იანვარი

ჯემალ კახნიაშვილი, ეკონომისტი: „ფული, რომელიც საქართველოში გახსნილ ბანკებში შედის, უცხოელთა ჯიბეებში მიედინება - ყველაზე წარმატებული საბანკო სექტორი ხომ უცხოელებისაა... რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ქვეყანაში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები შეიქმნება, აქ უცხოელების საქონელი გასაღდება, ხოლო ჩვენი დარჩება, ქართველი ერი კი საბოლოოდ მოსამსახურედ გადაიქცევა. უნდა აიკრძალოს მიწის გაყიდვა, რათა საბოლოოდ ისიც უცხოელების ხელში არ აღმოჩნდეს, ყოველ ღონეს მიმართონ და ფეხზე დააყენონ სოფლის მეურნეობა“.

გენდერული დისკიმინაცია/სტერეოტიპები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 11-17 იანვარი

წყარო: კვირის ქრონიკა

ზვიად ტომარაძე, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“: „წარმოდგენაც რთულია, რა შედეგებამდე მიიყვანს კაცობრიობას, მამაკაცისა და ქალის აბსოლუტური თანასწორობა. საკამათო იქნება, ვისი გვარის მატარებელი უნდა იყოს შვილი, ტერმინი „ცოლის მოყვანა“ და ა.შ. ეს კანონპროექტიც ფემინისტების დაკვეთაა და ჩვენი „კეთილშობილი პარლამენტარებიც“ ასრულებენ ამ დირექტივებს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემური საკითხია სახელმწიფოში“.

გენდერული დისკიმინაცია/სტერეოტიპები: საზოგადოება

ალია, 28 იანვარი

ცოტნე გამსახურდია: „აუ, მე მაპატიეთ, რასაც ახლა ვიტყვი, რა, არც პოლიტიკაში ქალების წინააღმდეგი ვარ და არც გენდერული დისკრიმინაციის მომხრე, გოგოს მამა ვარ, ბოლობოლო! ... მაგრამ: გამაგებინეთ, რატომ ოცნებობს აქ ყველა წესიერად მოუ...ყნავი ქართველი ქალი პოლიტიკოსი მარგარეტ ტეტჩერობაზე? მისაბაძი ქალ პოლიტიკოსთა სახეები დაილია?“

პრაიმ ტაიმი, 18 იანვარი

ვალერიან შიუკაშვილი-პიანისტი: „ ალბათ აზიატი ქმარი ვიქნები. ვეთანხმები იმას, რომ ქორწინების მერე ქალი სხვანაირი უნდა გახდეს, უფრო მორიდებული, თავშეკავებული, მოკრძალებულად ჩაცმული.... ქალი ნებით უფრო მეტს გაგიკეთებს, ვიდრე ძალდატანებით, დამიჯერეთ, ამის პრაქტიკა მაქვს...“

ალია, 21 იანვარი

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: „გასათვალისწინებელია ევროკავშირის რეკომენდაცია, რომელიც გულისხობს მანდილოსნებისთვის პარლამენტში 30%-იან კვოტას. შეიძლება ამდენი ქალბატონი ვერ აღმოჩნდეს სიაში, რადგან ქალების რესურსი პრობლემატურია, მაგრამ ქალებისთვის რიცხვი რომ უნდა გაიზარდოს, ამაზე სხვა აზრი არ არსებობს.“

იმედი, ქრონიკა, 22 იანვარი

გიორგი ხმალაძე, არასწრულწოვანის ბაბუა: „8 კლასი დაამთავრა, წერა იცოდა, კითხვა იცოდა, მე უმაღლესში არ უნდა მესწავლებინა და არაფერი და მე მირჩევნოდა, რო გოგოს თავი დაბმოდა და ჩაბარებოდა თავის პატრონს და ჩავაბარე კიდევაც.“

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe