MDF
# 6 (61), 15 ნოემბერი - 31 დეკემბერი, 2015

მედია-მონიტორინგის ახალი საძიებო სისტემა - notophobia.ge

ქართულ მედიაში დისკრიმინაციის მონიტორინგის შედეგების ხილვა 2016 წლიდან დაინტერესებულ პირებს მედია-მონიტორინგის საძიებო სისტემაში, ვებ-გვერდზე www.notophobia.ge შეუძლიათ. საიტზე ინფორმაციის მოპოვებას შეძლებთ დარღვევების ტიპების (ძალადობისკენ მოწოდენა, ქსენოფობია (მათ შორის თურქოფობია, არმენოფობია); ჰომოფობია, ანტიდასავლური განწყობები და ა.შ) და დისკრიმინაციის წყაროების მიხედვით (მედია, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები/დაკავშირებული პირები; სასულიერო პირები; ხელისუფლება).

ამ რესურსზე თავმოყრილია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები 2008 წლიდან და იგი მუდმივად განახლდება. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშებში მოყვანილი ტენდენციების ამსახველი მაგალითების სრულად ნახვაც ამიერიდან სწორედ ამ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

მედია-მონიტორინგის ძირითადი მიგნებები

დღეს წარმოგიდგენთ ანგარიშს 2015 წლის ბოლო 15 ნოემბრიდან - 31 დეკემბრამდე პერიოდის მედია-მონიტორინგის შედეგების შესახებ. აღნიშნული პერიოდის მედიაში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

  • საანგარიში პერიოდში ISIS-ის ქართველ მებრძოლთა მიერ გამოქვეყნებული ვიდეო საინტერესო ტესტი იყო ქართული მედიისთვის. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-მედიის დიდმა ნაწილმა ეს მიმართვა კორექტურების გარეშე გაუშვა, მათ შორის მონიტორინგის სამიზნე „კვირის პალიტრას“ ვებ-საიტმაც. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ამჟამად წაშლილია, საიტზე შეგიძლიათ დღესაც წაიკითხოთ ამონარიდები ამ მიმართვდან;
  • აღსანიშნავია, რომ ტელემედიამ ISIS-ის მერძოლთა მიმართვა მეტ-ნაკლებადსტანდარტების დაცვით გააშუქა. მნიშვნელოვანია, რომ ტელემედიაში ეს თემა არ გამხდარა ისლამოფობიის საფუძველი. თუმცა მედიის ნაწილში („ობიექტივი“, Geworld.ge, საქინფორმი, ალია) მსგავსი ტენდენციები შეიმჩნეოდა.
  • ასევე ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავდა სირიაში მებრძოლ ქართველ მეომართა წერილობითი მიმართვა, რომელიც საქინფორმმა სრულად გამოაქვეყნა.
  • ისლამოფობიისა და თურქოფობიის წყარო გახდა საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთი მოვლენა - რუსეთსა და თურქეთს შორის სიტუაციის გამწვავება რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების გამო. ამ ფონზე აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა ანტითურქული ტენდენციები ქართულ მედიაში. ამ ტენდემციების ძირითადი ხაზი რადენიმე პოსტულატზე გადიოდა: თურქეთი ისტორიულად საქართველოს მტერია;
  • თურქეთი ქართველი ახალგაზრდების განათლებითა და ბიზნეს-აქტივობით საქართველოში იმზადებს პლაცდარმს ყარსის ხელშეკრულების ასამოქმედებლად; რუსეთის ჯარი ერთადერთი გარანტიაა საქართველოს ტერიტორიის (აჭარის) შესანარჩუნებლად ქვეყნის შემადგენლობაში;
  • 2015 წლის ბოლო დღეები განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჰომოფობიური გამონათქვამებით, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან. მედიისა და რესპონდენტების ნაწილი ამ ფაქტს უკავშირებდა ღარიბაშვილის სურვილს არ დაეჭირა მხარი ლგბტ პირთა ქორწინებისთვის.
  • აღსანიშნავია ასევე, რომ მონიტორინგის პერიოდში გაიმართა პარტიის „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა. შესაბამისად, დისკრიმინაციის წყარო რესპონდენტების ნაწილი, რომლებიც გასულ პერიოდში სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით საუბრობდნენ (მაგალითად არჩილ ჭყოიძე) დღეს აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან და, შესაბამისად, ბიულეტენშიც პოლიტიკოსების ჯგუფშიც არიან წარმოდგენილი.  

რუსულენოვანი წყაროები

ობიექტივი - რუსულენოვანი დოკუმენტური ფილმი ჰიტლერის შესახებ;

ალია - factroom.ru; dr20.ru; myjane.ru; mainfun.ru; globalscience.ru; factroom.ru

დისკრიმინაციის ცალკეული მაგალითები:

ძალადობის წახალისება: პოლიტიკოსები

ასავალ დასავალი, 7-13 დეკემბერი

ნინო ბურჯანაძე, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო": თუ არჩევნები გაყალბდება, მერე ნახავს ხელისუფლება რასაც ვიზამთ! ეჭვი მაქვს, რომ ზოგიერთ შუშის შენობაზე ფანჯრები ჩაიმსხვრევა!

რუსთავი 2, კურიერი; სააგენტო პირველი; მაესტრო, კონტაქტი, 20 ნოემბერი;

ია მაკასარაშვილი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრი: „... სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს თქვენ ფიზიკურად ცოცხლები ხართ, იმიტომ, რომ აქამდე ხალხი ლინჩის წესით გაგასამართლებდათ, " (მიმართავს ნაციონალურ მოძრაობას)

ალია, 26 ნოემბერი

კარლო კოპალიანი, კოალიცია „ქართული ოცნება“: „დღეს ამათი გიჟი ექსპრეზიდენტი და პარტიის თავმჯდომარე სისხლისღვრისა და რევოლუციისკენ მოუწოდებს თავისი პარტიის ლიდერებს და მგონია, ესეც საკმარისია, რომ „ნაცმოძრაობა“ აიკრძალოს.“

ძალადობის წახალისება: საზოგადოება

ასავალ დასავალი, 7-13 დეკემბერი

რეზო ამაშუკელი, პოეტი: „მაგ უპატრონოებს მივმართავ „გირჩი“ კი არა, „რკო“ დაირქვან, იმიტომ, რომ ღორები არიან! ...თუ საშუალება მექნება, მაგათ სათითაოდ გამოვღადრავ ყელს!“ 

ძალადობის წახალისება: სასულიერო პირები

ასავალ-დასავალი, 16-22 ნოემბერი

ელიზბარ დიაკონიძე, დეკანოზი: საქმეს კანცელარიასთან შიმშილობა კი არ უნდა, უნდა გამოათრიო ეს მთავრობა კაბინეტებიდან და სულ ცხვირ-პირში უნდა ურტყა!

ქსენოფობია: პოლიტიკოსები

კვირის ქრონიკა, 7-13 დეკემბერი

თემურ შაშიაშვილი, „თეთრები“: „წაიღო ჩინურმა პროდუქციამ ქვეყანა, ცოტა ხანში მაგათ პროვინციად გადავიქცევით. აგერ, ჩინელები წერეთლები გახდნენ ხარაგაულში. ეს სხვა მენტალიტეტის ხალხია, ჩადით ხარაგაულში და გეტყვიან, რომ იქ უპირველესი დელიკატესი არის ძაღლის ხორცი, ძაღლი აღარ დარჩა სოფლებში. ...შემოვიდნენ სომხები, ყოჩაღ! შემოვიდნენ აზერბაიჯანელები, ყოჩაღ! შემოვიდნენ თურქები, ყოჩაღ! ამათ იყიდეს კლინიკები, ყველა საავადმყოფოს უკან დადგნენ და ჩვენი ავადმყოფობა აქციეს ბიზნესად.“

ქსენოფობია: მედია

Geworld.ge, 25 ნოემბერი

დავით მხეიძე -ავტორი:„ ... ჰო, აბა, რა - იორმუღანლოელი აზერბაიჯანელები, რომელთა ხმებითაც გააყალბეს არჩევნები, სულ იმას ფიქრობენ, როდის შევა საქართველო ნატოში... 

თურქოფობია/ისლამოფობია: პოლიტიკოსები

ასავალ-დასავალი, 30 ნოემბერი - 6 დეკემბერი

მურმან დუმბაძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი: „საერთოდ, მომაჩნია, რომ აჭარელი ახალგაზრდებისა და, ზოგადად, იმ ქართველი ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებმაც თურქეთსა და თუ არაბეთში რელიგიური სწავლება გაიარეს, საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ ვერ შედგა და ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ფაქტობრივად, დაკარგულია!“  

ობიექტივი 27 ნოემბერი

დავით თარხან მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „...ყველაზე უსამართლო მოთამაშე, არამართალი მოთამაშე თურქეთია აქ, რომელიც სინამდვილეში დაკავებულია გენოციდით ერთი ერის, ქურთი იეზიდების გენოციდით რეალურად. და ებრძვის ყველას...“

კავკასია, ბარიერი, 23 ნოემბერი

ირაკლი ბათიაშვილი -„სახალხო კრება“ :„ ... ამ ადამიანებს რომ იმ მედრესეებში არ ესწავლათ, ის რელიგიური აღზრდა არ მიეღოთ, არ ჩამოყალიბებულიყო მათი გონება ისლამიზაციის გზით, რა თქმა უნდა ისინი ასი წელი არ წავიდოდნენ, ტვინშიც არ მოაფიქრდებოდათ...“

თურქოფობია/ისლამოფობია: მედია

ასავალ-დასავალი, 21-27 დეკემბერი

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს“ ტარიელ ნაკაიძეს ადარდებს, ჩამოიქცევა თუ არა ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესია-მონასტრების მანათობელი მარგალიტის - ოშკის გუმბათი, ისე ათენებს და აღამებს თურქეთი იმაზე ფიქრით, რომელ „შტატს“ შეიერთებს საქართველო კავკასიაში და როდის დადგება ფეხზე ჩვენი უბედური ქვეყანა...“ 

ასავალ დასავალი, 23-29 ნოემბერი

გიორგი ფოფხაძე, ჟურნალისტი: „გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა თურქეთისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. კაცმა არ იცის, ვინ ტერორისტია და ვინ რა არის. ეს არის ჩადებული ნაღმები...“

თურქოფობია/ისლამოფობია: საზოგადოება

ასავალ-დასავალი, 30 ნოებერი - 6 დეკემბერი

ვახტანგ ხარჩილავა, „საერთო გაზეთი“: „...თურქეთიც ისეთივე ოკუპანტია, როგორიც რუსეთი! აბა, ერთი გაიარეთ თბილისის ცენტრში - აღმაშენებლის გამზირზე, სადაც თურქული მაღაზიებისა და კაფე-ბარების გარდა ვერაფერს ნახავთ! ამას რა, ოკუპაცია არ ჰქვია?.. “

არმენოფობია: პოლიტიკოსები

პრაიმ-ტაიმი, 23 ნოემბერი

თემურ ჭკუასელი - „ქართული ოცნება“: „ ... ქართველებმა ხომ ასე ვიცით, იმ სოფლიდან ამ სოფელში რატომ ჩამოსახლდიო და მარტიროსიანი რომ ცხოვრობს გვერდით იმაზე ხმას არ ვიღებთ. გვჭირს ე.წ. ტოლერანტობა, რომელიც ზოგჯერ სისულელეში გადაგვდის.“

რელიგიური დისკრიმინაცია: მედია

კვირის პალიტრა 23 ნოემბერი

ISIS- ის სახელით გავრცელებული მიმართვა: "დღეს აჭარაში არიან ისლამის წინამძღოლი ე.წ. ხოჯები და მუფთები. თქვენ, დიდი ცოდვა გადევთ კისერზე, რადგან მაგ უბრალო ადამიანებს, რომლებმაც ისლამი არ იციან, თქვენი ლამაზი სიტყვებით უბნევთ გზას, ცდომილებას აჩვენებთ ჭეშმარიტებად...“ (გაზეთის საიტზე გამოქვეყნდა ISIS- ის სახელით გავრცელებული ვიდეო-მიმართვა და ასევე ამონარიდები მიმართვდან)

ჰომოფობია: პოლიტიკოსები

ასავალ დასავალი, 7-13 დეკემბერი

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: თუ ევროპისკენ ვიხედებით, კარგი მაგალითები გადმოვიღოთ, რაღა მაინცდამაინც ერთსქესიანთ ქორწინების გადმოღება გვინდა?! 

ასავალ-დასავალი, 28 დეკემბერი - 10 იანვარი

გიგლა ბარამიძე, ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა: ესენი მალე ერთსქესიანთა ქორწინებასაც დააკანონებენ!

ჰომოფობია: მედია

Geworld.ge, 23 დეკემბერი

გიორგი კორძაძე- ავტორი: “...ჰომოსექსუალები ეწევიან არაჯანსაღ ცხოვრებას, რაც ხელს უწყობს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა სიფილისი, გონორეა, B ჰეპატიტი, “ნაწლავური გეისინდრომი”, ტუბერკულოზი, აგრეთვე, ჰერპესის ჯგუფის ციტომეგალიის ვირუსით დაავადება...“

ასავალ-დასავალი, 28 დეკემბერი - 10 იანვარი

ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი: “ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღარ არის იმიტომ, რომ მან კვაზი-ფასეულობების მორევში ჩაძირულ და უკიდურეს სულიერ კრიზისში მყოფ მსოფლიოს პირში მიახალა - სანამ მე საქართველოს ხელისუფლების ქვაკუთხედს -ოჯახის სიწმინდეს -ბოლომდე დავიცავ და ჩემს სამშობლოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ დავუშვებ!”

ჰომოფობია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასაავალი, 28 დეკემბერი - 10 იანვარი

ზვიად ტომარაძე, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება - XXI“: „ქართველი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ღრიბაშვილის პრინციპული პოზიცია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებითაც. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოში ასეთ რამეს არ დაუშვებდა და სურდა, კონსტიტუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“.

ალია, 27-30 ნოემბერი

თამარ ხაჭაპურიძე, „მომავლის იმედი“: „ეს უცხოელი მამაკაცები, ძირითადად გეები არიან. 2015 წელს ასეთმა პირმა სასამართლოსაც მიმართა და მამად რეგისტრაციას ითხოვდა და იქ მოსამართლე ნანა დარასელიამ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, იმიტომ, რომ უკანონოდ იყო გამოყენებული სუროგაციის მეთოდიც და ამ კაცს, საერთოდაც, ცოლი არ ჰყავდა“. 

ანტიდასავლური განწყობები: პოლიტიკოსები

კავკასია, ბარიერი, 2 დეკემბერი

ჯონდი ბაღათურია, „სახალხო დასი“: „რატომ გაქვთ ასეთი ალტერნატივა: ან ამერიკელის მონა უნდა იყო და ჰომოსექსული და რაღაც უბედურება დაიჯინო თავზე, წამოისკუპო კისერზე, ან რუსის მონა იყო…“

პირველი, 30 ნოემბერი

გიგლა ბარამიძე - „დემოკრატიული მოძრაობა-საქართველო“ პოლიტიკური მდივანი: „რა ვალდებულებები გაქვთ, ბატონებო, აღებული ასეთი დასავლეთთან და რით ვეღარ დაასრულეთ მათი შესრულება, რომ მზად ხართ საბოლოოდ დააქციოთ და გაწიროთ ქვეყანა?!“ ... 

ანტიდასავლური განწყობები: მედია

Geworld.ge, 9 დეკემბერი

გიორგი კორძაძე - ავტორი: „ ... ევროპის მამაცი შვილები ოდესღაც ქვეყნებსა და კონტინენტებს იპყრობდნენ; დღეს კი მათი შთამომავლობა გამოწყობილია ქუჩის ქალის მთავარ ატრიბუტში _ მინი ქვედაკაბაში. ერთნაირსქესიანთა ქორწინების ოფიციალურად დაშვება, მათ მიერ ბავშვების აყვანა, ნორმალური ადამიანისთვის საყვარელი სიტყვების _ დედისა და მამის ყაზარმული შტამპებით _ მშობელი ნომერი ერთითა და მშობელი ნომერი ორით _ შეცვლა, პირწავარდნილი ჰომოსექსუალების ღვთისმსახურებად კურთხევა და სხვა მრავალი ჭირი მიგვითითებს, რომ ქრისტემ ევროპა მიატოვა“. 

ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები

Geworld.ge, 26 ნოემბერი

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ ამერიკა ჩვენს სულიერებას ანადგურებს. ყველაფერი გაიხრწნა, რას ჰგავს ჩვენი ტელევიზიები _ პედერასტებით არის სავსე... რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პოლიტიკა მისაღებია, მან ამერიკას ცხვირში ამოსცხო!“

კვირის ქრონიკა, 16-22 ნოემბერი

ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრი: „...სადაც კი შეერთებული შტატები შევიდა, იქ ქვა ქვაზე არ დატოვა. თუ ამას კოლონიალიზმი არ ქვია და რაღაც კეთილშობილური სახელი „დემოკრატია“ ჰქვია, მაშინ საერთოდ უნდა გადავხედოთ ყველა ტერმინს, რითიც ვსარგებლობთ.“

ანტიდასავლური განწყობები: საზოგადოება

საქინფორმი 25 ნოემბერი

"სირიის გამარჯვებით დავასამარებთ მასონურ ამერიკას და ევროპას. იმ დღეზე ვლოცულობთ, საქართველოს დაუძინებელი მტერისთვის ტყვია არასდროს აგვეცილებინოს”. " (საქინფორმი აქვეყნებს სირიაში მებრძოლი ქართველების განცხადებას, რომლებიც დამასკოში გამართულ დიდ შეხვედრას ესწრებოდნენ)

ასავალ-დასავალი, 21-27 დეკემბერი

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: „ზნეობისა და ოჯახის საკითხებში დასავლეთი პერსონა ნონ გრატა უნდა იყოს“.

ანტიდასავლური განწყობები: სასულიერო პირები

ასავალ დასავალი, 7-13 დეკემბერი

თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი: „აბორტი და ევთანაზია არის ამაზრზენი რამ და ამის შემოქმედნი არიან საზარელი მკვლელები. ჰოლანდიაში დეპრესიაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება ევთანაზიის ჯგუფი გამოიძახოს და ისინი იმ ქვეყნად გასტუმრებაში დაეხმარონ...“

ალია, 17 ნოემბერი

მამა ელიზბარი, დიაკონიძე: „ეს არის ამერიკული პროექტი! ყველას ეძლევა უფლება, ოჯახის საქმესა და განწყობაში ჩაერიოს. ცალკე ამერიკის ელჩი გამოდის და გვმოძღვრავს ყველა კუთხიდან...“ (გუგული მაღრაძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ)

სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები: პოლიტიკოსები

რუსთავი 2, კურიერი, 24 ნოემბერი; ინტერპრესნიუსი, 24 ნოემბერი;

თემურ ჭკუასელი, „ქართული ოცნება“:„ ჩემი აზრით, მამაკაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება...“

ინტერპრესნიუსი, 29 დეკემბერი

გია ვოლსკი, კოალიცია „ქართული ოცნება“: „მგონია, რომ დეპუტატმა საჯაიამ გადააჭარბა ყველაფერს. ცოტა უზრდელურია, ჩემი შვილის ტოლა ბრძანდებით. რა საკვირველია, პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს განცდა იმის, რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობს, არის ელემენტარულად უზრდელი. ეს არის ძალიან ცუდი."

სრული ინფორმაცია 2015 წლის 15 ნოემბრიდან - 31 დეკემბრამდე ქართულ მედიაში გამოვლენილი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის შესახებ იხილეთ საიტზე: www.notophobia.ge

„ტოლერანტობის პრიზი“ 2015-ის გამარჯვებულები

2015 წლის დეკემბერში გამოვლინდნენ მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის მიერ დაფუძნებული „ტოლერანტობის პრიზის“ კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსში წელს 7 ნომინაციისთვის 42 მონაწილის 79 ნაშრომი იყო წარმოდგენილი. კონკურსში გამოვლინდა 8 გამარჯვებული. ტოლერანტობის პრიზი 2014 წელს დაწესდა და იგი გადაეცემა ჟურნალისტებს და ბლოგერებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.mdfgeorgia.ge/geo/view_news/425

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube