MDF Can't see images? http://notophobia.ge/
# 9 (64) 2016 წლის 1 მარტი - 31 მარტი

წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2016 წლის 1 მარტი - 31 მარტის პერიოდში ქართულ მედიაში განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგებს და აქტივობებს, რომელიც ამ მონიტორინგის საფუძველზე განხორციელდა.

ძირითადი მიგნებები:

  •  მონიტორინგის პერიოდში განსაკუთრებით გახშირებული იყო თავდასხმა ლიბერალებზე ტერმინის „ლიბერასტი“ გამოყენებით  და რესპუბლიკურ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობაზე, რაც ძირითადად ლიბერალური ღირებულებების დაცვას და ქორწინებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას უკავშირდებოდა. აღნიშნული თავდასხმები გვხვდება როგორც სიძულვილის ენის, ჰომოფობიის, ისე ანტიდასავლური რიტორიკის კონტექსტშიც.
  • კონსტიტუციაში ქორწინებად ქალისა და მამაკაცის ერთობის დაფიქსირების ინიციატივამ ბიძგი მისცა  პოლიტიკოსთან ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ გამოხატვას, რითიც აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელი, ასევე - ძირითადად რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი;
  • ქსენოფობიური განწყობები მონიტორინგის პერიოდში გვხვდებოდა არაბებისა და სხვა ერების წინააღმდეგ, რასაც საფუძვლად ედო ევროინტეგრაციის პარალელურად საქართველოს მიერ ლიბერალური სავიზო პოლიტიკის გატარების შიში; ამ კონტექსტში საუბარი იყო როგორც საქართველოს მიწების შესაძლო „დაკარგვაზე“, 
  •  ასევე ამის მაგალითებად მოყვანილი იყო აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა საქართველოში და სხვადასხვა ისტორიული ფაქტები; 
  • უნივერსიტეტებში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ყოფნის გასამართლებლად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის ცალკეულმა წარმომადგენლებმა ცადეს უცხოელი სტუდენტების წარმოჩენა, როგორც საფრთხის, რაც ასევე შეიცავდა ქსენოფობიის ნიშნებს;
  • რელიგიური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციული გამოხატვის ფაქტების უმრავლესობა მედიაში უკავშირდება ადიგენის რაიონში მუსლიმ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მუსლიმთა სასაფლაოსთან დაკავშირებულ დაპირისპირებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე დისკრიმინაციულ განცხადებას მედიასთან, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელიც, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც მუსლიმი თემის უფლებების დაცვას სავალდებულოდ არ მიიჩნევს.  
  • დისკრიმინაციული გამოხატვის ინსპირაციის წყარო ასევე გახდა გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც. შეფასებებში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს კადრები კომპრომატია მათზე ასახული ქალებისთვის.

საჩივრები მედიის თვითრეგულირების ორგანოებში

  • არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მედიის განვითარების ფონდი" (MDF); „იდენტობა", „ლგბტ საქართველო",„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2016 წლის 30 მარტს საჩივრით მიმართეს ტელეკომპანია „იმედის“ თვითრეგულირების ორგანოს. საჩივარში განმცხადებლები ტელეკომპანია „იმედის“ 20 მარტის 14.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა 14 საათზე გასული სიუჟეტით მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლი 31 და ასევე მუხლი 33 (1; 2; 4) დარღვევის ფაქტის შესწავლას მოითხოვენ.
  •  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 26 მარტს განიხილა არასამთავრობო ორგანიზაციების “მშვიდობის ფონდი”, “მედიის განვითარების ფონდი” (MDF), “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI) და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) საჩივარი. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა ეკა სალაღაიამ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი (სიზუსტე), მე-3 (ფაქტის მიჩქმალვა) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპი.   მასალა , „ ტაში ბიჭო ვართანუშა“ 2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა და ეძღვნებოდა ცეკვა “დაისის” შესრულებას “გევორქიანის ცეკვის აკადემიის” მიერ.

რუსულენოვანი წყაროები:

  • ობიექტივი - Hty ND
  • ალია - myjane.ru; lenta.ru; medkarta.com; mndg.ru; beta.novoteka.ru; gazeta.ua; woman.ru;

მაგალითები მარტის მედია-მონიტორინგის შედეგებიდან:

სიძულვილის ენა/პოლიტიკოსები

მარშალ პრესი, 18 მარტი 

კარლო კოპალიანი (კოალიცია ქართული ოცნება): „რაღა ეგენი და რაღა კანნაცვალი გველები. გველები იცით, რამდენჯერ იცვლიან კანს? გველი გველია, იმას გინდა ლურჯი მაიკა ჩააცვი და გინდა – რაიმე სხვა. მაგარ რაღაცას გეტყვით. „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე არასდროს ჰქონია ხმების 20%-ზე მეტი.”

სიძულვილის ენა/მედია

საქინფორმი, 18 მარტი

სათაური: „ჰილარი კლინტონი - ლესბოსელი, ფსიქოპათი, ნარკომანი და სააკაშვილის უკანასკნელი იმედი: შტრიხები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის პორტრეტისათვის“

ასავალ-დასავალი, 21-27 მარტი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „პრეზიდენტად წოდებული მარგველაშვილისა და მისი თანამოაზრე ლიბერასტების სექსისადმი დამოკიდებულებამ დღესავით ნათელი გახადა, ვინ სიყვარულის პირმშოა და ვინ - სექსუალური აქტის „გვერდითი მოვლენა“! ანუ ცხადი გახდა - ვინ ღვთის ხატად შეიქმნა და ვინ - ჩიჩოლინასი!  ჩვენებური ლიბერასტები საბოლოოდ დაემსგავსნენ პირუტყვებს, რომლებიც, როგორც მოგახსენეთ, მზად არიან უსირცხვილოდ, საჯაროდ შეერწყან თავისნაირ პირუტყვებს!“

სიძულვილის ენა/საზოგადოება

მარშალ პრესი, 12 მარტი 

მანჩო გიორგობიანი (მიმართავს ნაციონალურ მოძრაობას):  „ჰიტლერიც დაგხატავდათ, ერთი გემით , თქვენც და თქვენს მიმდევრებსაც რომ დაიტევდა, მუტანტო სექტანტებო!!! მახინჯ სხეულებში , მახინჯი ყროლი გაქვთ.. თქვენ რა საცოცხლებლები ხართ, როგორც კეთროვანები , ყველა უნდა ამოწყდეთ“!!!

ქსენოფობია/პოლიტიკოსები

Geworld.ge, 30 მარტი

ლევან იზორია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე: "როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის, ისეთი ქვეყნიდან, რომელშიც ფეხი მოიკიდა ტერორიზმმა, არიან სტუმრად სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვით არიან ჩამოსულები?!”

იმედი, პოლიტიკა, 11 მარტი

ირაკლი სესიაშვილი, ქართული ოცნება, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: „თბილისის უნივერსიტეტში ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობს... სამწუხაროდ, არის გარკვეული მცდელობები, რომ მოხდეს ჩვენი ახალგაზრდების ე.წ. „დავერბოვკება“, ამიტომ კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის მათი იქ ყოფნა, ნაწილობრივ, გამართლებული იყო...“

 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 10 მარტი

გიორგი მაღლაკელიძე, „პატრიოტთა ალიანსი“:  „ ... ჩემთვის ყველანაირი ვიზა ლიბერალიზაცია მიუღებელია თუ მე ვალდებულება მექნება ეთნიკურად სხვა ეროვნების, ჩვენთან არათანხვედრი, არაშერწყმადი, გენეტიკური და რელიგიურად ცოტა მძიმე სხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანების ესეთი დიდი რაოდენობით მიღება...“

ქსენოფობია/საზოგადოება

ალია, 9-10 მარტი

მოქალაქე: „ინდოელია, მაგისთვის დუხის ყიდვას აზრი არა აქ ძმაო".

 ობიექტივი, ღამის სტუდია, 12 მარტი

ანზორ მესხიშვილი, პროფესორი, ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში: “ იყიდონ რა მოხდაო, მიწას ზურგზე ხო არ მოიკიდებს და წაიღებსო, ზურგზე არ მოიკიდებს, მაგრამ დასახლდება, ეხლა რაც მცხეთაში ხდება, 4 მუსულმანური სოფელი ყალიბდება მცხეთაში“. 

თურქოფობია/პოლიტიკოსები

მაესტრო, კონტაქტი; რუსთავი 2, კურიერი; ტვ იმედი, ქრონიკა; საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე;  საგენტო „პირველი“, „ინტერპრესნიუსი“,  9 მარტი 

გოგი თოფაძე, კოალიცია „ქართული ოცნება-მრეწველები“: „რუსეთმა ესე იგი ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და გაზპრომთან საუბარი არ შეიძლება. მწვანილის გატანა შეიძლება და სხვადასხვა ღვინის გატანა შეიძლება და თუ ესე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?“ 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 მარტი
ვაჟა ოთარაშვილი , „პატრიოტთა ალიანსი“: „ ის, რომ შენს ქვეყანაში უკვე ჰეგემონიას აწარმოებს ისეთი დიდი ისტორიულად მტრული სახელმწიფო, კი ბატონო, მეგობარი დაუძახე დღეს - თურქეთი ... სოფლის-მეურნეობის ბაზარი ხომ დაიპყრეს, ტელე ბაზარი ხომ დაიპყრეს, ნებისმიერ ტელეარხზე თურქული სერიალები გადის, მაშინ, როდესაც შენი ქართული ფილმი ჩაწიხლეს.“

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 მარტი

დავით თარხან-მოურავი , „პატრიოტთა ალიანსი“: „ ... ეს ქვეყანა, როგორც ქვეყანა (თურქეთი), როგორც აზროვნება არ შეიცვალა. ეს იყო ყოველთვის დამპყრობელი, დამანგრეველი, გამანადგურებელი და დღესაც ასეთი დარჩა და დღესაც 28-ე გენოციდს უწყობს აგერ ქურთებს და იეზიდებს... ქართველების გენოციდი იმდენჯერ მოხდა, რომ სისხლით გაივსო შავი ზღვა კაცო...“

თურქოფობია/საზოგადოებრივი ორგანიზაციები

კავკასია, სპექტრი, 16 მარტი

ლალი მაროშკინა, ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფო: „ერთი იარაღი რომ გავარდეს თურქეთში, აჭარა და ნახევარი გურია გადადის თურქულ მხარეს. ჩვენ  ხომ  ვიცით რეალურად საქართველოს დღეს  რა პრობლემები აქვს: 100 000 თურქზე  გაცემულია საქართველოს მოქალაქეობა; მიწები გაყიდულია...“

თურქოფობია/სასულიერო პირები

მარშალპრესი, 30 მარტი

მამაო ლუკა: „თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა თურქეთში, რომ ჩავიდე და მეჩეთის პატარა კენჭს, რომ შევეხო რას მიზავენ? – ჯერ ისედაც წვავენ იქ ქართველებს და დამწვავდნენ კი არა ამაორთქლებდნენ.

რელიგიური დისკრიმინაცია /პოლიტიკოსები

მაესტრო, კონტაქტი, 1 მარტი

ზაქარია ენდელაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ რეკომენდაცია არის რეკომენდაცია და მას არანაირი სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია. ჩვენ ბუნებრივია ვითვალისწინებთ რეკომენდაციას, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მაინც საკითხი თვითონ მოსახლეობის გადასაწყვეტია.“ (საუბრობს მუსლიმი თემის უფლებებზე);

რელიგიური დისკრიმინაცია/ჰომოფობია/საზოგადოება

ალია, 2-4 მარტი

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი: „მე როგორც მითხრეს, მართლა მეჩეთის აშენებას აპირებენ იქ და არც არის გასაკვირი. ევროპაში ასეაო, ჩვენც ევროპისკენ მივდივართო... და ისე, რითი მივდივართ? ერთი: პიდარასტების აღლუმები უნდა იყოს თავისუფლად; მეორე: ყველა სოფელში თუ ხუთი მუსლიმანი ცხოვრობს, მეჩეთი უნდა ავუშენოთ“. (საუბრობს ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაზე)

ნეტგაზეთი, 3 მარტი

ზურაბ ტაბიძე, ადიგენის მკვიდრი: “... გემოვნებაა მაგი, მერე მეჩეთის გემოვნებაც გაჩნდება, მოლის გემოვნებაც გაჩნდება, მერე გადმოგვყვირებს მაღლიდან. არ დავუშვებთ მეჩეთის გახსნას. სიტყვიერად ამბობენ, რომ მეჩეთი არ გაიხსნება”

 

ჰომოფობია/პოლიტიკოსები

ინტერპრესნიუსი, 18 მარტი

თამაზ მეჭიაური, კოალიცია ქართული ოცნება, პარლამენტარი: „უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია - იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან ,,გაპიდარასტებას" იწყებენ ზოგიერთები".

ნეტგაზეთი,  18 მარტი

ომარ ნიშნიანიძე, კოალიცია „ქართული ოცნება“, პარლამენტარი: ,,რა გინდათ? ქუთაისში ‘’პიდარასტების’’ აქციაა? ამას თუ მოვესწრებოდი, არც დამესიზმრებოდა. არც დამესიზმრებოდა, ქუთაისში თუ მოვესწრებოდ... ჩემი სახლის წინ.’’ 

ობიექტივი, ღამის სტუდია, 16 მარტ

 ვაჟა ოთარაშვილი , „პატრიოტთა ალიანსი“: „ ლამის პედერასტომანია ასწავლონ სკოლაში და ერთსქესიანთა ქორწინებაზე გადაიყვანონ ბავშვების სწავლა.“

ასავალ-დასავალი, 21-27 მარტი

გია ყურაშვილი, „თავისუფალი საქართველო“: „პედერასტებს სახელი გამოუცვალეს და „იდენტობა“ დაარქვეს! ამ ცხრაჯერ განათხოვარმა ხალხმა დაღუპა უამრავი ოჯახი!.“

მარშალპრესი, 8 მარტი

ჯონდი ბაღათურია, გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობა: „ჩვენ საკუთარი შეხედულებები გვაქვს. ჰომოსექსუალიზმი ნამდვილად არის პათოლოგია, საუკუნეების განმავლობაში ასე მიიჩნეოდა და ასე ითვლება ჩვენთან ახლაც“. 

ჰომოფობია/საზოგადოება

კავკასია, ბარიერი, 2 მარტი

ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”: თქვენ ხართ ოფიციალური ჯაშუშები(მიმართავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს)! თქვენ გრანტების სანაცვლოდ...გ...დიახ, ჰომოსექსუალიზმი არის დაავადება! ჩვენ გადაგვარების წინაშე ვდგავართ, როგორც ერი და ტრადიციულ ოჯახს რაც შეეხება იმის ინტერესები უნდა დაიცვას სახელმწიფომ და ეს არის დაავადება!!!

გენდერული სტერეოტიპები/ პოლიტიკოსები

ინტერპრესნიუსი, 11 მარტი

ზაქარია ქუცნაშვილი, კოალიცია ქართული ოცნება: "მე არ მჯერა იმის, რომ თეა წულუკიანი შეიძლება ვინმეს ემუქრებოდეს... არ მესმის როგორ შეიძლება თეა წულუკიანის გეშინოდეს – მითუმეტეს მამაკაცს და სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ თანამდებობის პირს".

გენდერული დისკრიმინაცია/ სტერეოტიპები/საზოგადოება

ობიექტივი, ბათუმის სტუდია, 8 მარტი

მარინა მიქაიშვილი, ჟურნალისტი, გაზეთ „აჭარის“ მთავარი რედაქტორი: „საპასუხისმგებლო თანამდებობა ბათუმშიც, მთლიანად საქართველოშიც უმეტესად უჭირავთ კაცებს. რასაკვირველია, ისინი ამის ღირსნი არიან, კაცები ძალიან მაგრები არიან და ჩვენ ქალები ვაღიარებთ იმას, რო ისინი ჩვენზე უკეთესები არიან, ღმერთმა ნუ ქნას, თუმცა, ახლა თუ გადავხედავთ ისტორიას ძალიან ბევრი მამაკაცი უსწრებს ქალს, ახლა ამას ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს და ღმერთმა დაგვიფაროს რომ შევეჯიბროთ მამაკაცებს ამაში“...

მარშალპრესი, 17 მარტი

თამაზ ელიზბარაშვილი (ბიზნესმენი): “რა თქმა უნდა , ამორალურია პირადი ცხოვრების ფარული გადაღება და შემდეგ მისი საჯაროდ ჩვენება. მაგრამ, არანაკლებ ამორალურია ქმრიანი ქალბატონების უცხო მამაკაცთან ლოგინში კოტრიალი, თანაც როცა უცხო მამაკაცის “ინსტრუმენტს ” არადანიშნულებისამებრ ჩუპა ჩუპსივით იყენებენ” 

 

ანტიდასავლური რიტორიკა/პოლიტიკოსები

იმედი, „პოლიტიკა“, 25 მარტი

არჩილ ჭყოიძე, :“ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“ : „მოდით, ახლა გავუსვათ ხაზი ერთ რამეს და ვთქვათ, რომ მაშინ, როდესაც თავებს აჭრიდნენ სულ ცოტა ხნით ადრე სირიაში, რას აკეთებდნენ ამერიკელები, რას აკეთებდნენ, იგივე, ევროპელები? არაფერი, ნოლი ყურადღება, საერთოდ არავინ არაფერზე არ საუბრობდა და როდესაც საფრანგეთში აფეთქება მოხდა და ბრიუსელში აფეთქება მოხდა, დადგა მთელი მსოფლიო ფეხზე... და პატარა ბავშვებს, 15 წლის ასურელ ქრისტიანებს რომ თავებს აჭრიდნენ, მართლმადიდებლებს, მაშინ გეგონება, არაფერი არ ხდებოდა, ცოცხლად რომ ხალხს წყალში ახრჩობდნენ, არაფერი არ ხდებოდა, იმიტომ, რომ ეს ევროპაში არ ხდებოდა.“

ასავალ-დასავალი, 29 თებერვალი-6 მარტი

სოსო მანჯავიძე, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი: ...“ საერთოდ, ჩვენს სახელმწიფო ორგანოებს, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო აკონტროლებს, რაც კოლონიალიზმის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა“.

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 მარტი

დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „ამ ლტოლვილების რიგებში იყვნენ ტერორისტებიც, ეს ყველამ იცის, ეხლა ის ტერორისტები აფეთქებენ ევროპას და ყველაზე ცუდი ისაა, რო თვითონ ამერიკას ეს არ შეხებია, მაგრამ ამერიკის ადმინისტრაციის სრულიად იდიოტური ქმედებების გამო მთელ ევროპას მოედო ამდენი ლტოლვილი და ამდენი ტერორისტი და ჩვენ გვეხება ჩვენთანაც არიან ეს ლტოლვილები, გადით აგერ გარეთ სავსე არიან სირიიდანაც, აგერ მოძმე სომხეთში არიან, 140 ათასამდე არიან უკვე იქ ლტოლვილი...“.

ასავალ-დასავალი, 7-13 მარტი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები“: „თუ ჩვენი ხელისუფლების ევროპული არჩევანი ბავშვებისთვის ადრეულ ასაკში ჰომოსექსუალიზმის სწავლებაზე გადის, ასეთი არც ევროპა მინდა და არც ხელისუფლება!“

ალია, 14-20 მარტი

ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი: „ამერიკას ბიუჯეტში არ ვყავართ ჩასმული, თორემ სხვა მხრივ  - კი მიგდებული შტატი ვართ“.

ანტიდასავლური/საზოგადოება

კვირის ქრონიკა, 7-13 მარტი
გიორგი კანდელაკი, საზოგადოება გორელები: „ეგენი თუ მიუშვი, ერთსქესიანთა ქორწინებასაც დააკანონებენ და მერე, მაგათ შვილის აყვანის უფლებასაც მისცემენ. აქედან არც ისე შორია ინცესტის დაკანონებამდე. ამის შეფარული პროპაგანდა უკვე მიმდინარეობს და ყველა უბედურება, რაც ევროპაში ხდება, მერე ჩვენთან გადმოდის და მის დამკვიდრებას აქ ცდილობენ...“

Geworld.ge, 10 მარტი

იზა თამაზაშვილი: „ ჩვენი ზნეობრივი კოდექსი იმ ნორმებს ვერასდროს უპასუხებს, რომლებსაც ევროპა-ამერიკა გვახვევს თავს _ ეს ფსიქიკაზე ძალადობაა. რით მოგვხიბლა დასავლეთმა? _ ევროკავშირი ჩვენნაირი ქვეყნების გაღატაკების ფონზე იკრებს ძალას და მდიდრდება“.

ანტიდასავლური/მედია

ასავალ-დასავალი, 7-13 მარტი

„...ტელეარხ Hty ND-ს დოკუმენტური პროექტის „ყველაზე შოკისმომგვრელი ჰიპოთეზების“ წამყვანი: ევროპული საინფორმაციო სააგენტოების ახალი ამბები სულ უფრო მეტად ემსგავსება ფრონტულ ცნობებს. შეხედეთ, დღისით-მზისით ევროპის ცენტრში რამდენიმე ახალგაზრდა მიგრანტი უმწეო გოგონას ძარცვავს. მსხვერპლს სცემენ, ტროტუარზე აგდებენ და რამდენიმე მეტრის მანძილზე თმით ათრევენ. შვედეთში კი 15 წლის მიგრანტმა უპატრონო ბავშვთა თავშესაფრის თანამშრომელი ქალი მოკლა - ისე, გასართობად. თუმცა, ხშირად პირიქითაც ხდება, როდესაც თითქოსდა წესიერი ევროპელები ჩამოსულებს თავს ესხმიან...“

ასავალ-დასავალი, 29 თებერვალი-6 მარტი

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ამ თამარ სანიკიძეს და მისნაირ ლიბერასტ სოროსელებს სურთ, რომ მათ მიერ 30 ვერცხლიან გრანტში გაყიდულ საქართველოში ჩვენი შვილები უჯიშო, ურწმუნო, უსახურ გლობალისტ-კოსმოპოლიტებად გაიზარდონ!.. დიახ, განათლების მინისტრი ქართულ სკოლებში „მამაო ჩვენოს“ კრძალავს! დიახ, თამარ სანიკიძე ქართულ სკოლებში მართლმადიდებლებს სდევნის!“

დისკრიმინაციული გამოხატვის მაგალითები სრულად იხილეთ ვებ-გვერდზე: www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.

Media Development Foundation

http://notophobia.ge/

http://www.mdfgeorgia.ge

info@mdfgeorgia.ge

Facebook Twitter Youtube

You received this email because you signed up on our website or made purchase from us.

Unsubscribe