პეტიცია - მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები
რა არის პეტიცია და როგორ არის შესაძლებელი მისი მეშვეობით, მოქალაქეების მცირე ჯგუფმა, თავისი ინტერესების შესახებ არა მხოლოდ ხმა მიაწვდინოს თვითმართველ ორგანოს, არამედ მოსთხოვოს მას ამ ინიციატივაზე იმსჯელოს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიოღოს?
პეტიცია - ეს არის კოლექტიური წერილობითი თხოვნა თვითმმართველი ორგანოსადმი, ერთგვარი კოლექტიური შუამდგომლობა კონკრეტული საკითხის ან პრობლემის გადასაჭრელად.
თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის ივლისში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ მნიშვნელოვანი დამატებები განხორციელდა. კერძოდ: განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმები (დასახლების საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო); დაზუსტდა პეტიციით წარსადგენ საკითხთა წრე და გამარტივდა პეტიციის წარდგენის მექანიზმი (მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა პეტიციის გზით, არა მხოლოდ საკრებულოს ნორმატიული აქტის ინიცირება მოახდინოს, არამედ შეუძლია ნებისმიერი ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემის და საკითხის განხილვა მოითხოვოს საკრებულოს სხდომაზე); ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის უზრუნველსაყოფად გაიზარდა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა.
საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მიეცა საშუალება თვითმართველობას პეტიციის მეშვეობით მიმართოს. კანონმდებლობით, თვითმართველმა ორგანომ ეს პეტიცია უნდა დაარეგისტრიროს, თუ ის შედგენილია მინიმუმ სამი მოქალაქის მიერ და მას ქალაქის ან თემის მაცხოვრებლების 1 პროცენტი დაუჭერს მხარს. შემდეგ კი ამ საკითხზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს.
ევროპული ქვეყნების უმრავლესობა პეტიციის პრაქტიკას აქტიურად იყენებს, ზოგიერთ ქვეყანაში კი მთავრობისადმი კოლექტიურ მიმართვას, მხოლოდ შეთავაზების ფორმა არ აქვს, არამედ, თუ ამ პეტიციამ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა თვითმართველობა ვალდებულია დაამტკიცოს იგი. მართალია, საქართველოს კანონმდებლობაში (რაც არ უნდა ბევრი მოქალაქე აწერდეს ხელს პეტიციას) არ არის ჩანაწერი, რომელიც თვითმართველობას დაავალდებულებს მოქალაქეების მიერ საკითხის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტას, თუმცა მნიშნელოვანია, რომ შესაძლებელია ამ საკითხის განხილვა.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: თუ თქვენ ცხოვრობთ ბათუმში და ფიქრობთ, რომ ქალაქში არ არსებობს საკმარისი სივრცეები (პარკები) სადაც შესაძლებელია თქვენი ოჯახის წევრებმა დაისვენონ, ან ფიქრობთ, რომ ქალაქში არსებობს თვითმართველობის მიერ მიღებული აქტი, რომელიც ამ ტიპის პარკების გაქრობას უწყობს ხელს, თქვენ შეგიძლიათ სამ თანამოაზრესთან ერთად დაწეროთ პეტიცია.
პეტიციაში არგუმენტირებულად უნდა იყოს მოყვანილი რა პრობლემაზე საუბრობთ და თქვენი წინადადება რა სარგებლობას მოუტანს თქვენს უბანს, ქალაქს ან თემს. შემდეგ კი, ამ კოლექტიური მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ თქვენი თემის წარმომადგენლებს, მოქაალქეებს და მათი მხარდაჭერა ხელმოწერით დაადასტურებინოთ. თუ თქვენ გსურთ, რომ პეტიციაში მოყვანილი საკითხის შესახებ ქალაქის არჩეულმა ორგანომ, საკრებულომ განიხილოს, აუცილებელია მიმართვა საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შეადგინოთ.
იმისთვის, რომ საკრებულომ, თქვენი პეტიცია დაარეგისტრიროს და ის საკრებულოს სხდომის განსახილველ საკითებში ჩასვას, აუცილებელია თქვენს კოლექტიურ მიმართვას თქვენს თემში მცხოვრებთა (სრულწლოვანთა) მინიმუმ 1% მა დაუჭიროს მხარი. (მაგალითად თუ თემში 10 000 ამომრჩეველი ცხოვრობს, პეტიციაზე 100 -ი მოქალაქის ხელმოწერაა აუცილებელი).
ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კი მიუთითოთ პეტიციის სამი ინიციატორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და დაურთოთ პირადობის მოწმობის ასლი და პეტიცია დაარეგისტრიროთ თვითმართველობაში. თვითმართველობა ვალდებულია, 7 სამუშაო დღეში განიხილოს პეტიცია და მოგაწოდოთ ინფორმაცია განიხილავს თუ არა მას საკრებულო სხდომაზე.
თუ თქვენი პეტიცია არ დაარეგისტრირეს, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს.
აღსაღნიშნავია, რომ საქართველოში პეტიციების რეგისტრაციის მდიდარი გამოცდილება არ არსებობს, მოქალაქეები ნაკლებად მიმართავენ საკრებულოებს ინიციატივებით, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ გაუმართავი რეგულაციების გამო თვითმართველობამ პეტიცია დაბლოკოს. მნიშნელოვანია, რომ სასამართლოს მიმართოთ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი დაგეხმარებათ, როგორც თქვენი საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანაში, ასევე სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც სასამართლოს მიერ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება გამო, თვითმართველობა ვეღარ ეტყვის უარს პეტიციის რეგისტრაციაზე.
რა საკითხებზეა შესაძლებელი პეტიციით მიმართოთ თვითმართველობას? კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ პეტიციის შედგენა სამი მიმართულებით არის შესაძლებელი.
ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.
|